ნიკა მელია - მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკს“ მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ეს მისთვის სახლიც იყო და ოჯახის წევრიც
მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკს“ მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ეს მისთვის სახლიც იყო და ოჯახის წევრიც, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას „თიბისი ბანკის“ დატოვებაზე.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს წარმატებულ თუ პოტენციურ წარმატებულ ადამიანებს, რადგან მას ასეთი ადამიანების ეშინია.
„ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, სადაც ყველა წარმატებული ადამინი დაჩაგრული უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე აიძულა, რომ საკუთარი ბანკი დაეტოვებინა, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია. ეს ხომ არ იყო უბრალოდ მისი ბანკი და ბიზნესი, მთელი ცხოვრება მიუძღვნა. სახლიც იყო, ოჯახის წევრიც, ყველაფერი. ნოემბრის თვეში აიძულა, არჩევნებში მისთვის მხარი დაეჭირა, განცხადება გაავრცელებინა და შვიდი ათას თანამშრომელს მოუწოდა, რომ მხარი დაეჭირათ ბიძინა ივანიშვილისთვის. სამ თვეში კი საკუთარი სახლიდან გააგდო. ეს ე.წ შუაშისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკვებია ფიქრისთვის, ვინც ბოლო მომენტში ხმას მაინც ბიძინა ივანიშვილს აძლევდა. ჩვენ თუ ერთად არ დავდგებით, ყველა ადამიანს ელოდება მსგავსი უსამართლობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მამუკა ხაზარაძის და ბანკის დამფუძნებლების დაკავება, ნიკა მელია აცხადებს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული მამუკა ხაზარაძეზე.
„ხაზარაძის აბსოლუტურად მესმის იგი ძალიან წუხდა იმ გარემოებების გამო, რომ აქციონერები შეწუხებულები იყვნენ. 355 მილიონი ლარი ერთ კვირაში დაიკარგა და მას ბანკის დატოვება მოუწია, ეს ბიძინა ივანიშვილმა აიძულა. მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაპატიმრებას და ბრალის წარდგენას ხაზარაძე არ უნდა გამორიცხავდეს. ბიძინა ივანიშვილს გეგმა გაწერილი აქვს და სურს, ყველა ადამიანი მამუკა ხაზარაძის მაგალითით იმდენად დააშინოს, რომ ხვალ და ზეგ გაპროტესტების სურვილიც დააკარგვინოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.