ნიკა მელია - ძალიან მალე ხელისუფლება აღიარებს, რომ მოძალადეა, ამ ქვეყანაში ბევრი სამაჯურიც შეიხსნება და თავისუფალი არჩევნებიც ჩატარდება
ძალიან მალე ხელისუფლება აღიარებს, რომ ის არის მოძალადე. ამ ქვეყანაში ბევრი სამაჯურიც შეიხსნება და თავისუფალი არჩევნებიც ჩატარდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 70 000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
„ჩამოშლილები არიან. მარჯვენა ხელმა არ იცის, მარცხენა რას აკეთებს „ქართულ ოცნებაში“. 11:30 საათზე ადვოკატს ურეკავენ, პატიმრობას ვითხოვთო, მერე, 40 წუთში ცვლიან გადაწყვეტილებას 100 ათას ლარს ვითხოვთო. შემდეგ შუამდგომლობით შევიდა პროკურატურა და სასამართლოს უთხრა, მელიას ის სამაჯური რომ უკეთია, არაეფექტურია და მოვხსნითო. თვითონვე გააუქმეს ეს შეზღუდვა და პასპორტსაც მიბრუნებენ, რომელიც წელიწადია, დაწესებული აქვთ შეზღუდვის სახით და ამას რა ახსნა აქვს?! ხელისუფლება იყო ვალდებული, რომ სამაჯურის გაკეთება დაევალდებულებინა ჩემთვის. იცოდნენ, მე საჯაროდ პირობა დავდე რუსთაველის გამზირზე, რომ აღარ შევიბამდი ამ სამაჯურს. ეტყობა ამ დაუმორჩილებლობის რაღაცა სპირალში შემოყოლას, არჩიეს, რომ საერთოდ მოეხსნათ ჩემთვის ეს სამაჯური. თურმე, წელიწად ნახევრის თავზე მიხვდნენ, რომ ეს სამაჯური არის უკანონობა. წარმოუდგენელია, ცოტა ხანში ამ მთლიანი შეზღუდვისგა, რომელიც დაწესებული აქვს საზოგადოებაზე ბიძინა ივანიშვილს, გათავისუფლდება უკვე საზოგადოება. არ არსებობს, ძალიან, ძალიან, ძალიან მალე ხელისუფლება აღიარებს, რომ ის არის მოძალადე და ბევრი სამაჯურიც შეიხსნება ამ ქვეყანაში და თავისუფალი არჩევნებიც ჩატარდება საქართველოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაეზარდა. ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.