ნიკა მელია - დღეს რომ არ დამიჭირონ, უბრალოდ, ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს
დღეს რომ არ დამიჭირონ, უბრალოდ, ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში მისვლამდე ჟურნალისტებს საკუთარ სახლთან განუცხადა.
„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გუშინ იკადრეს და რაც ივანიშვილმა გააკეთებინა ძალდატანებით „ქართული ოცნების“ დეპუტაციის დიდ ნაწილს, დღეს რომ არ დამიჭირონ, უბრალოდ, ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს. დამიჭერენ „ვაია“, არ დამიჭერენ „ვუია“. როგორ უნდა გაამართლოს ბიძინა ივანიშვილმა ჩემი არ დაჭერა. მას დაემართა გუშინ მთავარი უბედურება, მისთვის მთავარი რამ გაუფასურდა, ფული, მილიარდები. გუშინდელმა დღემ აჩვენა ივანიშვილს, რომ მისი მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს, რომ ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, მილიარდები, არ არის საკმარისი, აკეთოს ქვეყანაში ის, რაც სურს და უფრო ღრმა ჩიხში შედის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, ჟურნალისტებმა ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს პარლამენტთან მის მიერ გაკეთებულ მოწოდებებზე, რაზეც განაცხადა: „რა ვარდების რევოლუცია მოვაწყოთ, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს და ბუნებაში ვერც იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 14:00 საათზე იმსჯელებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.