ნიკა მელია - არჩევნებში ხელისუფლების მარცხის შემდეგ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან
საკუთარი ზნედაცემულობის რეკორდი მოხსნეს, როდესაც ორი ღვაწლმოსილი, პატრიოტი მეცნიერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ არჩვნებში ივანიშვილის ჯგუფი ოპოზიციასთან მარცხდება, – ამის შესახებ გლდანის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშრებით განაცხადა.
მელიას განცხადებით, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში აგებს, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების ნაწილის დარწმუნება სცადა, რომ წინა ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიებს ყიდდა.
„ვფიქრობ, საარაკო სიგიჟეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ბევრი არაგონივრული ნაბიჯი გადაუდგამს, მაგრამ მსგავსი სისულელე თუნდაც ერთი-ორი წლის წინ ალბათ, თავადაც კი გაუკვირდებოდათ. საკუთარი ზნედაცემულობის რეკორდი მოხსნეს, როდესაც ორი ღვაწლმოსილი, პატრიოტი მეცნიერი დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არჩვნებში ივანიშვილის ჯგუფი ოპოზიციასთან მარცხდება. დიახ, ამ ორი მეცნიერის ბრალეულობა არის ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. სხვა არანაირი ბრალი არ მიუძღვის არც ერთ და არც მეორე მეცნიერს, თუ არა ის, რომ ხალხს უბრალოდ აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ივანიშვილმა სცადა, რომ საკუთარი პროპაგანდით დაერწმუნებინა საზოგადოების ნაწილი მაინც, რომ აი, ხომ ხედავთ, წინა ხელისუფლება ყიდდა საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ აქაც კი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა მისთვის ჩვეული პროპაგანდის წარმოება და ეს ყველაფერი მას შემოუტრიალდა.
სიმართლე არის საზოგადოების მხარეს და ის ძალიან მძლავრია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში, ხელისუფლების მარცხის შემდეგ ეს ორი ძალიან დასაფასებელი და ღვაწლმოსილი მეცნიერი გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. ძალიან გამკვირვებია „ქართული ოცნებისა“, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ეს საქმე გამოძიებული იქნება ობიექტური გამოძიების მიერ, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში უკვე ძალიან გაუჭირდება რეალობისთვის თვალის გასწორება. „ქართული ოცნების“ აქტივისტებსაც კი არ სჯერათ იმის, რისი დაჯერებაც ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადობისთვის უნდოდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.