ნიკა მელია - ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო
ადამიანი, რომელიც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არის უნამუსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„კონკრეტულად არ გავცნობივარ ამ განცხადებას. გავეცნობი, მაგრამ მაინტერესებს, რომელი პირი საუბრობს, რამდენიმე მათგანი შემჩნეული იყო და ეს ყველამ იცის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან არჩევნების წინა დღით დაბადების დღეზე ყოფნაში და შემდეგ საკუთარ ფეისუბუქგვერდზე ეს ფოტოები ატვირთეს. საერთაშორისო საზოგადოებაც არის ამ ყველაფრის საქმის კურსშიც. არ ვიცი, ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს. ჩემთვის და ყველასთვის რეალობა არის ცხადზე უცხადესი. ამ განცხადებაში არის მიკერძოება. თუ უბრალოდ საუბრობს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ეს არის მარტივი ტყუილი. მიკერძოებული ადამიანი, ალბათ ის ადამიანია, ვინც დადიოდა რესტორან-რესტორან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა. მთელი ოპოზიციური სპექტრი, არც ერთი პარტია არ არის განსხვავებულ აზრზე, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. სულ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ადამიანი, ვინც დაწერს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, პირველ რიგში, არის უნამუსო, პირდაპირ გეტყვით. ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართულ ლექსიკონში – უნამუსო, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალობა. არ ვიცი, ვინ რა დაწერა, მაგრამ თუ კი დაწერა ეს, ეს მარტივად არის უნამუსობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.