ნიკა მელია აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს მხარს დაუჭერენ, თუმცა ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციონერმა უნდა დაიკავოს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თანახმაა, გაიზიაროს პარტია „საქართველოსთვის“ წინადადება და მხარი დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარეებად გახარიას პარტიის კანდიდატებს.
თუმცა, ნიკა მელიას თქმით, ყველა საკვანძო პოზიცია, მაგალითად როგორიცაა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ.
„ხუთ მუნიციპალიტეტში ოპოზიცია არის უმრავლესობაში. უმრავლესობა მანდატებისა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არ არის საკმარისი, რათა დამოუკიდებლად აირჩიოს საკრებულოს თავმჯდომარე, მათ შორის იცით, ზუგდიდშიც რა მოხდა, რომ პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი მეორე ტურში დამარცხებულად გამოაცხადეს. მოვისმინეთ ბატონი გახარიას პარტიის განცხადება, თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ მხარეებს, იგულისხმა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მხარი მათ დავუჭიროთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად.
ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს, არ მოგვწონს, გვაქვს რამე საერთო თუ არა ჩვენ და გახარიას პარტიას, მე ვფიქრობ, არაფერი საერთო არ გვაქვს და არც გვექნება, მაგრამ მაგალითად, წალენჯიხაში, ზუგდიდში, რუსთავში, ჩხორწყუში, სენაკში, ამ მუნიციპალიტეტებში და არა მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობამ მანდატების უმრავლესობა მიანიჭა ოპოზიციას, რათა „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მინიმუმ, ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს, ეს არის დაკვეთა.
ამიტომ, ვფიქრობ, პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ კიბატონო, იყოს, შემხვედრი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად გვესმოდეს, საკრებულოს პოზიციები დაკავებული იყოს ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიერ, ანუ დეპუტატების მიერ. იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი და ხმათა უმრავლესობით არის ოპოზიცია შიგნით წარმოდგენილი, პოზიცია გვჭირდება სხვადასხვა კომისიაში, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერს, რადგან ასე ჩათვალეს ამ ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფული აღარ მოიპაროს.
მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ის პოზიტიური პროგრამა, პროგრამის ნაწილები, რაც გვქონდა ოპოზიციურ პარტიებს, შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია, როცა საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ძალიან კარგია, თუ საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერი იქნება, თუმცა მიუღებელია, ამავდროულად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დასახელდნენ სხვადასხვა პოზიციაზე.
შეგახსენებთ, 22 ნოემბერს პარტიაში „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავენ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობენ.
პარტიაში განმარტეს, რომ ეს მათი მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.