პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს
პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს

პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხდა.

როგორც კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, ეს მათი მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომლის შედეგს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ. გრძნობენ უკიდურესი გაჭირვების, გაზრდილი ფასების, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სახით. ის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ და უნდათ, ამ ორპოლუსიანობას თავი დააღწიონ, უპრეცედენტო ზემოქმედების, დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად, ნათლად აჩვენეს თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი პარტიის მხარდაჭერით. პარტია „საქართველოსთვის“ დღეის მდგომარეობით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში. წარმოდგენილია რიგ საკრებულოებში, სადაც ჩვენს პარტიას აქვს ე.წ. გადამწყვეტი ხმა. მოგეხსენებათ, ჩვენ არჩევნების დასრულებიდან მალევე შევთავაზეთ ორივე პოლიტიკურ პარტიას, ღია და გამჭვირვალე განხილვის გზით, აგვერიდებინა ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისი.

ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შევთავაზეთ, შეთანხმების გზით აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის, დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა უპირველესად, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო რომელიღაც ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად, საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება.

ამიტომ, მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ საკუთარ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც „ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ მხარს ჩვენს კანდიდატებს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ქემოკლიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს.

„აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ პროცესს, რომელიც „ოცნებამ“ უკვე დაიწყო თვითმმართველობებში – ეს არის „ოცნების“ მცდელობა, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები. როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი – ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედაც ახალი საკრებულოების და არა ერთპიროვნულად, „ოცნების“ მიერ. კიდევ ერთხელ მივმართავთ „ოცნებას“, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

დატოვე კომენტარი