ნიკა მაჭუტაძის 10 თეზისი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიისთვის - ჩვენი ამოცანაა დაბრუნება სწორ საწყისთან
ნიკა მაჭუტაძის 10 თეზისი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიისთვის - ჩვენი ამოცანაა დაბრუნება სწორ საწყისთან

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მაჭუტაძე 10 თეზისს აქვეყნებს, რომლებიც მისი აზრით, „მკაფიოდ განმარტავს, თუ რატომ უნდა მოიგოს არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ“.

მაჭუტაძემ „10 თეზისი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ” სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, თეზისები სააზროვნოა და მსჯელობის შემდეგ, მათი ჩამონათვალი შესაძლოა, გაიზარდოს ან შემცირდეს.

„ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფო ამოცანა ძირითადად რესტავრაციონისტულია – ანუ დაბრუნება ნამდვილთან, სწორ საწყისთან. ვიმსჯელოთ და შესაძლოა, გაიზარდოს ჩამონათვალი, ან პირიქით“, – აღნიშნავს მაჭუტაძე.

თეზისების ჩამონათვალი შემდეგნაირია:

„ჩვენ გვჭირდება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის რესტავრაცია;

ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ურთიერთობების და კავშირების რესტავრაცია;

ჩვენ გვჭირდება არჩევნების რესტავრაცია;

ადამიანის პოლიტიკური და სოციალური უფლებების რესტავრაცია;

კულტურული გარემოს რესტავრაცია;

ჩვენ გვჭირდება დემოკრატიის საშუალებათა რესტავრაცია;

ჩვენ გვჭირდება კონსოლიდირებული ძალისხმევის რესტავრაცია – ხალხი და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთად;

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს მაგისტრალური ხაზის რესტავრაცია – დემოკრატიულის და სუვერენიტეტზე დაფუძნებულის.

ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ძალების რესტავრაცია;

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს რესტავრაცია“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ წარადგინა.

მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს  წევრები არიან: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე; „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე; „საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია.