ნიკა ჯამაგიძის საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
17:58, 15.05.2018
21 წლის ნიკა ჯამაგიძის საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ჯამაგიძეყაჩაღობაშია ბრალდებული.
ნიკა ჯამაგიძე ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც მან ჩვენება მისცა.
ჯამაგიძე 2017 წლის 20 მარტს დააკავეს და ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 21 წლის ახალგაზრდა ყვება, რომ მას ალიბი აქვს და მაშინ როდესაც „ჯი-პი-სი“-ს აფთიაქი ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა, ის სხვა მისამართზე, მამიდასთან იმყოფებოდა. ბრალდებული ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან დიღმის მთავარ სამმართველოში ზეწოლის და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
ნიკა ჯამაგიძემ პირველად ამის შესახებ გადაცემა „ახალ კვირაში“ ისაუბრა. გადაცემაში გასულ რეპორტაჟში ის ყვებოდა, რომ აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ასევე „ახალ კვირაში“ ნაჩვენები იყო დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს, რომ სათვალთვალო კამერაში დაფიქსირებული ნიღბიანი მამაკაცი, რომელმაც აფთიაქი დააყაჩაღა, არ არის 21 წლის ახალგაზრდა ნიკა ჯამაგიძე.
ამ ეტაპზე, საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.