ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 30 იანვრამდე გადაიდო
ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 30 იანვრამდე გადაიდო

„რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების სხდომა გადაიდო.

პროცესის გადადების გადაწყვეტილება ამ საქმის ახალმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ბრალდებულ ნიკა გვარამიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ამ საქმის მოსამართლემ, გიორგი არევაძემ თვითაცილება გადაწყვიტა, განხილვას ლაშა ჩხიკვაძე გააგრძელებს. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეჭვი აქვს, ჩხიკვაძის შერჩევა ელექტრონული სისტემით, შემთხვევით არ მომხდარა და მის შერჩევასთან დაკავშირებით, სასამართლოდან დოკუმენტები აქვს გამოთხოვილი. სწორედ ამ დოკუმენტების მიღებამდე ითხოვა ნიკა გვარამიამ სხდომის გადადება. ნიკა გვარამიას თქმით, ამის შემდეგ საქმეში ახლადჩართული მოსამართლის აცილების შესახებ, საბოლოო პოზიციას დააფიქსირებს. სხდომა 30 იანვარს ჩატარდება.

ნიკა გვარამიამ დღესვე გააკეთა განცხადება, მასზე და მის ოჯახზე უკანონო თვალთვალის შესახებ. მისი თქმით, საქმეში დევს კრეფსები, სადაც თვალთვალის ობიექტს, მის მეუღლეს პირობითი სახელი აქვს მინიჭებული „ლაბაძე“. ასევე მოხსენიებულია „ნაცნობი ადგილი“, რაც იმის დასტურია, რომ მას მანამდეც უთვალთვალებდნენ, ვიდრე ბრალდების მხარე მოსამართლის განჩინებას მოიპოვებდა. საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ კი, განმარტა, რომ როდესაც ოპერატიული ღონისძიება ტარდება, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თვალთვალის ობიექტისთვის ამა თუ იმ სახელის მინიჭება, რაც შეეხება კრეფსებში გამოყენებულ „ნაცნობ ადგილს“, ეს ტერმინი პროკურორის განმარტებით, იმიტომ გამოიყენეს, რომ მანამდე ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედება და იმ პერიოდში, გვარამიას სახელზე ფიქსირდებოდა ფალიაშვილის ქუჩაზე სახლი, რომელიც მას შემდგომ, უკვე სადავო ავტომობილთან დაკავშირებული ფარულ საგამოძიებო მოქმედების დროს, ახსენეს, როგორც „ნაცნობი ადგილი“. ზოგადად, გვარამიას ოჯახზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოტივი კი, პროკურორის განმარტებით, ის იყო, რომ ბრალდების მხარეს მოეპოვებინა მტკიცებულება 300 ათას ლარიანი პორშეს ავტომობილის შესახებ, რომლითაც გვარამიას ოჯახი სარგებლობდა და რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების საზიანოდ შეიძინა.

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება გამოძიება.