ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე, ნიკა გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.
ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე და პროცესზეც რამდენჯერმე განაცხადა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს.
გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 ათასლარიან გირაოს ითხოვდა. ამასთან, ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი ღონისძიების გამოყენება – ბრალდებულს აკრძალვოდა საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.