უნდა ვთქვათ ღიად, ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იმერეთში, წინასაარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, ათენის, საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ქუთაისი არის ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი და მომავალი მისია.
„დღეს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება. რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა ევროპაში. ამიტომ, ჩვენს გზას როდესაც ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისკენ ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში, უნდა ვთქვათ ღიად, ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ვინც ჩვენ გვწევს, ჩვენ გავწევთ იმას. ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.
ათენის, საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ქუთაისი არის ყველაზე ძველი ევროპული ქალაქი. ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს, ევროპა რა არის, ამ ქალაქმა იცის, რა არის ევროპა, რადგან ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია. ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია.
მინდა, ამ ქალაქიდან გამოწვევა გავუგზავნო ორ ყველაზე ძველ, მთავარ ევროპულ ქალაქს, ათენს და რომს – შეგვეჯიბრეთ სიძველეში, შეგვეჯიბრეთ ევროპულობაში, ჩვენ წინ ვართ, ჩვენ არგონავტებს ვაჩუქეთ სიბრძნე, მათ თქვენთან ჩამოიტანეს ეს სიბრძნე. ჩვენ ვართ ევროპა და ევროპა არის ქუთაისი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.