ნიკა გვარამია - ვიდავებ და ოდესღაც მოვიგებ ხუთ მილიონს, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ამას დრო სჭირდება
კონტრაქტზე ვიდავებ და ოდესღაც მოვიგებ ხუთ მილიონს, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის, ან წელიწადნახევრის შემდეგ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული ტემპით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. სერიოზული ტემპი აქვს აკრეფილი. ასეთი აკრეფილი ტემპით შემდეგი ხელისუფლება ალბათ ციხეში გაუშვებს. შემდეგი ხელისუფლება ცხადია, იქნება პროდასავლური, აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი. მანამდე რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას, ცოტა დაფიქრება გვჭირდება, რადგან დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჯერჯერობით თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება, ვცდები. ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ რაიმე იქნება. მაგრამ, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია ლავროვის, გოსდუმისა და პუტინის მოთხოვნითაც კი – ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის, ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი ჰქონდა, ვიდრე „რუსთავი 2“. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტორი, რაზეც გითხარით, ცოტა დამაბნეველია. მაინცდამაინც ვერ ჯდება ჩემთვის იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლებამ ოპერატიულად გააფორმა ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილება.
„მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც წვიმა რომ წამოვა ამბროლაურში, მაგალითად. აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის მთავარი და გადამწყვეტი მედიის მიმართ. ისე გადააფორმა, როგორც ოროთახიანი ხრუშოვკა, ერთ საათში. ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა ამ ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება.
„მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა და ზოგადად, მედიისა და დემოკრატიის მდგომარეობა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. კონტრაქტზე ვიდავებ ჩვეულებრივად და მოვიგებ, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის, ან წელიწადნახევრის შემდეგ. მოვიგებ ხუთ მილიონს ოდესღაც, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს, ასე ვთქვათ, სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება, ვიდავებ, წავალ, მაგრამ ამას სჭირდება დრო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.