ნიკა გვარამია - ვენესუელაში ხალხმა ვერ შეძლო, თავისი გაეტანა, საქართველოში ყველაფერი განსხვავებულად იქნება, ქართველები ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, დავამტკიცებთ და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს
გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ ე.წ. ჩეკების ატვირთვის სისტემა, პარალელური დათვლის სისტემა, „ენჯეოებს“, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი სისტემა. მნიშვნელოვანია, რას გვაჩვენებს დათვლის ეს სისტემა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„14:00 საათზე შეგვიძლია 13:00 საათის მდგომარეობა შევაჯამოთ. ძალიან კარგი დასწრებაა, ოდნავ ჩამორჩება დასავლეთ საქართველო, რადგან წვიმებია. მინდა, იმერეთის, სამეგრელოს და აჭარის მოსახლეობას ვუთხრა, წვიმას არ მოვერიდოთ, სამშობლოსთვის ბრძოლა მოითხოვს მეტს, ვიდრე წვიმასთან გამკლავებაა. უნდა გავუმკლავდეთ რუსეთს, უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი სამშობლოს ისტორიულ მოწინააღმდეგეებს და ბოროტის მსურველებს. ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის შედეგებს, ჯამურად უგებს „ქართულ ოცნებას“. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, დღის მეორე ნახევარი მოდის და არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ. მესმის, გვიან იღვიძებენ ახალგაზრდები, შაბათ-კვირას განსაკუთრებით, მაგრამ არჩევნებზე მაინც, ვფიქრობ, აუცილებლად მივლენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც „ქართული ოცნება“ „ხმებს აყალბებს, ყრის ბიულეტენებს ძირითადად იმ უბნებში, სადაც არ არის ტექნოლოგიური ხმის მიცემა“.
„პირდაპირ შემიძლია ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს, ზუსტად იცით, რომ დღის პირველი ნახევარი გაქვთ წაგებული. დილა წააგეთ, ის დრო, როდესაც მნიშვნელოვნად წინ იყავით ხოლმე ყველა არჩევნებზე, ამიტომ შეეგუეთ მარცხს და დაიწყეთ ფიქრი ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, ეს უკანასკნელი შანსია, რამე პოზიტიური გააკეთოთ თქვენი სამშობლოსთვის. კვლავ მინდა მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას, ყველანი არჩევნებზე, მეტი არაფერი არ არის დარჩენილი „ოცნების“ დამარცხებისთვის. ყველანი არჩევნებზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა კოალიცია ცესკო-ს შედეგებს, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ კოალიცია აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგებს, თუმცა გააჩნია, როგორ დაითვლის ხმებს.
„გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ ე.წ. ჩეკების ატვირთვის სისტემა, პარალელური დათვლის სისტემა. „ენჯეოებს“ თავიანთი, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი. მნიშვნელოვანია, რას გვაჩვენებს დათვლის ეს სისტემა. ვენესუელაში იგივე მოხდა, როცა ოპოზიციამ შეძლო ამის დამტკიცება, მაგრამ იქ სამხედრო ხუნტაა და, სამწუხაროდ, ხალხმა ვერ მოახერხა თავისი გაეტანა, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე დაამტკიცა. საქართველოში ყველაფერი იქნება განსხვავებულად, ქართველები ვართ, ევროპელი ხალხი ვართ, დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.