ნიკა გვარამია - თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს [ვიდეო]

თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ამგვარი ქცევა დასავლური ელჩებისა, რომლებიც ტყვებით ვაჭრობაში იღებენ მონაწილეობას და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს. ეს არის სირცხვილი და ანტიდასავლური, – ამის შესახებ „მთავარის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„მივმართავ ოპოზიციას და ოპოზიციის ამომრჩეველს, რომელიც ცოტა ფრუსტრირებულია, გადაღლილია, უიმედოა, არ არის მეგობრებო ეს მდგომარეობა სწორი. შეხედეთ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ თვალით – თქვენი მოწინააღმდეგის, თქვენი მტრის თვალით. დიახ, „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის მტერი და ბიძინა ივანიშვილი პირველი მათგანი. შეხედეთ, რა დღეში არიან ისინი, როგორც იტყვიან, კატის დღეში არიან. რატომ? ჯერ ერთი, არიან მარტო პარლამენტში და ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება არის პარლამენტში მარტო და ყველამ, როგორც ერთმა, უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია, ყველა, როგორც ერთი გაერთიანდეს, თუ გაერთიანების საფუძველი არ არის სიმართლე და ხალხის ნება. რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩემი დღეს ნათქვამი ტექსტები ალეკო ელისაშვილის ან მისი პარტიის სხვა წევრების მიმართ იყო, არა, ასე არ არის. მე ეს ეჭვები არ გამომითქვამს. სხვა რამეზე ვისაუბრე. ყველას მივმართე, როგორც ერთს, რადგან აქამდე ისინი მოქმედებდნენ – ყველა, როგორც ერთი“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, გასაკვირია, ვისი მანდატით იმყოფებოდა ელჩი კელი დეგნანი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

„ყველამ, როგორც ერთმა, თქვა შემდეგი რამ – არ დავჯდებით ჩვენ ამ ხალხის გვერდით, ისინი არიან ხალხის ხმის ქურდები. მარტო არიან ქვეყნის შიგნით, მაგრამ არიან საერთაშორისო იზოლაციაშიც. აბა გამოიკვლიეთ, მოითხოვეთ, რომელმა ქვეყანამ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ დროს ამას ულოცავდნენ უკვე ეგზიტპოლების ფონზე, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ 2012-ში ეგზიტპოლების შემდეგ მიულოცეს. შემაჯამებელი ოქმი შედგა, პარლამენტში შევიდა „ქართული ოცნება“, რომელმა ქვეყანამ მიულოცა? კელი დეგნანი იქ რომ იჯდა, ჩემი აზრით, სრულიად მძიმე შეცდომის დამშვები კელი დეგნანი, რომ იჯდა პარლამენტში, მისმა სამშობლომ, რომლის ხაზსაც უნდა ატარებდეს აქ, მიულოცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლა? – არა. აბა, ვისი მანდატით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში? იმ „ქოცი“ თანამშრომლების, გამოტენელი რომ არის „ქოცი“ სტაფერებით საელჩო, რაც პროტოკოლის დარღვევაა და პოლიტიკური დისბალანსი, სოფო ბზიშვილის მითითებით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში? სოფო ბზიშვილის, რომელიც „ქართული ოცნების“ მეთვრამეტე ნომრის, გიორგი ხელაშვილის მეუღლეა? სამარცხვინო გიორგი ხელაშვილის, რომლის მითითებით მოხდა ადამიანების დაჭერა ისნის საქმესთან დაკავშირებით. ამ კაცის ცოლის ირგვლივ რომ ტრიალებს ამერიკის საელჩოს გადაწყვეტილებები, ამის მითითებით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში? საქართველოს ხალხის უმრავლესობა თვლის, რომ ეს პარლამენტი არის უკანონო. აშშ-ს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს არჩევნების ლეგიტიმურობაზე და არც მიულოცავთ გამარჯვება, ვისი მანდატით იმყოფებოდა ან ვის ინტერესებში იმყოფებოდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში, სადაც არ იყო ევროკავშირის ელჩი, ბატონი ჰარცელი. შეიძლება, ეს ვიკითხოთ და გავარკვიოთ? ქალბატონ დეგნანასაც და ბატონ ჰარცელსაც მოვუწოდებ, დაანებონ თავი, ჩემი ან სხვა პოლიტმატიმრების თემების განხილვას. ეს არ არის მათი საქმე“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, „ტყვეებით ვაჭრობა და ტყვების გამოსყიდვა არ შეიძლება, ელჩების საქმე იყოს“.

„ელჩების საქმეა, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ის კი არა, რომ ჩვენ გადაგვარჩინონ და ამის სანაცვლოდ რაღაცები გამოივაჭრონ „ქართული ოცნებისთვის“, არა მეგობრებო, ეს სირცხვილია. თუ რამეა ანტიდასავლური, ეს არის ქცევა „ქართული ოცნებისა“. თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ამგვარი ქცევა დასავლური ელჩებისა, რომლებიც ტყვებით ვაჭრობაში იღებენ მონაწილეობას და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს. ეს არის სირცხვილი და ანტიდასავლური. ეს აღვივებს ნიჰილიზმს, ფრუსტრაციას დასავლეთის მიმართულებით და ამაში ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის ზუსტად იმ ორ ფასილიტატორს, რომელზეც ვსაუბრობ. გამობრძანდნენ და თქვან, გვარამია გამოუშვითო – კი არ უთხრან ჩუმად ყურში „ქართულ ოცნებას“, გამოვიდნენ და საჯაროდ დააფიქსირონ, რომ გვარამია არის პოლიტიკური დევნის სუბიექტი, დააფიქსირონ, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არიან პოლიტიკური დევნის სუბიექტები. არავის სჭირდება ნაჩუქარი თავისუფლება. ჩვენ გვჭირდება სიმართლე პოლიტიკურ დევნასა და პატიმრებზე. ეს გვჭირდება დასავლეთის ელჩებისგან და არა ყურში ჩაჩურჩულება და ვითომ, დიპლომატიური მიღწევებით ვიღაცების გარეთ გამოშვება. მადლობა ხომ არ ვუთხათ შემთხვევით რომელიმე ელჩს ან კობახიძეს, რომელიც იქ იმყოფება და ოჯახებიანად გვატერორებს. არ მახსოვს არც ერთი განცხადება ამ ორი ელჩისგან ჩემი შვილების დევნაზე. არ მაინტერესებს, ისინი რას ამბობენ კულუარებში, არ მაინტერესებს რას მეტყვიან ყურში, მაინტერესებს საჯაროდ დაგმობა ჩემი ოჯახის მოთვალთვალეების. გადამღებების, ჩემი პოლიტიკური პატიმრობის მოსურნეების. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, ეს სჭირდება ხალხს და არა ყურში ჩაჩურჩულებებით და გაუგებარია, რაზე ვაჭრობით, თურმე პარლამენტში შესვლით და უკანონო პარლამენტის „გაპრავებაზე“ ვაჭრობით ტყვეების გამოშვება. ამისთვის იმყოფებიან ჰარცელი და დეგნანი საქართველოში? ეს არის მათი საქმიანობა ჩვენს სასარგებლოდ? ეს არის ჩემი ანტიდასავლური პოზიცია? ანტიდასავლური არის „ქართული ოცნების“ პოზიცია და სამწუხაროდ, დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი არის ამ ორი ელჩის ამგვარი საქმიანობა საქართველოში, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ამას ვაცხადებ მე, ნიკა გვარამია, მთავარი პროდასავლელი ლიდერი ამ ქვეყნის. ტელევიზიებს ვგულისხმობ და არა პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რომლის ფასილიტატორების საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები არიან, აღარ განაგრძნონ. როგორც გვარამიამ განაცხადა, რეპრესიებით დამმუქრებელ ადამიანებთან საუბრით ოპოზიცია ვერაფერს მიიღებს.

„ყველას მივმართავ, გინდათ ტყვეებით მოვაჭრე, რეპრესიებით დამმუქრებელ ადამიანებთან ლაპარაკი? წადით და ილაპარაკეთ. ოღონდ ვერ მიიღებთ ვერაფერს, გაათავისუფლებთ ოთხს, დაიჭერენ რვას. გაათავისუფლებთ რვას, დაიჭერენ 64-ს, ტყვეებით ვაჭრობასა და ასეთ სპირალებში ჩამყოლი ადამიანები მიიღებენ ამას. არავის ესწავლება, მით უმეტეს იმ ელჩებს, რომლებზეც ვსაუბრობ, რომ ტერორისტებთან არ საუბრობენ. ტერორისტებთან მოლაპარაკება არის დაღუპვა და სპირალში ჩასვლა. გინდათ ტერორისტებთან ლაპარაკი? წადით, დაუჯექით კობახიძეს და ელაპარაკეთ, რომელიც რეგისტრაციას უუქმებს „ნაციონალურ მოძრაობას და დაიჭერს ალბათ ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს იცნობს და მასზე კარგი წარმოდგენის არის. წადით და ელაპარაკეთ. გინდათ საუბარი იმაზე, რომ თამარ ჟვანიას ნაცვლად, თამარ ჟვანია 2 იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსი? მაგრამ 21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა აღქმები წყვეტს ყველაფერს და ვერავინ ვერასდროს დაიჯერებს ამ ქვეყანაში, „ქოცებიც“ კი, რომ ფული არ აიღეთ და იმიტომ არ ლაპარაკობთ. მე დავიჯერებ, სხვები არა. მე შეიძლება მჯეროდეს, სხვები ვერ დაიჯერებენ“, – განაცხადა გვარამიამ.