ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, არხის წინ სიტუაცია დაძაბულია, ხოლო პოლიციელთა რაოდენობა მცირეა.
„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას. ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აიღოს პასუხისმგებლობა წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ განცხადებაზე, არხი დატოვოს გიორგი გაბუნიამ და დირექტორის თანამდებობიდან გადადგეს ნიკა გვარამია.