ნიკა გვარამია - მოსამართლე არევაძესა და პროკურორს ვუსურვებ, სიცოცხლე ციხეში არ დაასრულონ
ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე გააძევეს.
შელაპარაკება სასამართლო სხდომის თარიღთან დაკავშირებით მოხდა. ნიკა გვარამია მოსამართლისგან ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათს არ დაენიშნათ. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, კვირას გვიანობამდე მუშაობს და ორშაბათს დასვენების დღე აქვს.
აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, შემდეგი პროცესი 6 იანვარს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.
„პრეტენზია მაქვს, რომ თვეში ათი პროცესი არ ინიშნება ამ ქვეყანაში, ყველამ იცის, ინიშნება ორადორ პროცესზე, ერთადერთი მოსამართლის მიერ. ეს პროცესი არის ჩემი, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის. მოსამართლე არის ერთადერთი გიორგი არევაძე. მე არ ვიცოდი, რომ გიორგი არევაძესთან მექნებოდა საქმე. გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება, აუცილებლად, გარანტიას ვაძლევ. ყველა ასეთი ნაძირალა შემსრულებელი, როგორც არის არევაძე, პროკურორი მოხვდებიან ციხეში და დაასრულებენ საკუთარ კარიერას იქ. ვუსურვებ, რომ სიცოცხლე იქ არ დაასრულონ, გამოვიდნენ, საკუთარი შვილები და შვილიშვილები გაზარდონ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია სულელურს უწოდებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებსა და შესავალ სიტყვას.
„სისულელე არის სისულელე, მაგრამ პროკურატურისგან სისულელე მე არ მიკვირს, პროკურატურა არის დამნაშავე ორგანო“, -განაცხადა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახა დამენიას სასამართლო პროცესი გაიმართა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა გვარამიას კი, ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, აგრეთვე, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, ასევე, საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.