ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმებას ჩავთვლით ტელეკომპანიის მითვისებად
თეა წულუკიანის ინტერპრეტაცია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია, მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„მივმართავ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. მისი ინტერპრეტაცია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია, მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს, რადგან ასეა, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა. ეს იქნება დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, იმ შემთხვევაში, თუ წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, დაადგენს, ამ პალატისგან განსხვავებით ჩათვლის, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად. ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში და თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი, ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის დარღვევა. ჩემი შეფასებით და შესაძლოა, არა მარტო ჩემი, იყოს თანამდებობრივი დანაშაული“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, თეა წულუკიანს ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ მოუწოდებს.
„მე მოვუწოდებ არა იმისკენ, რომ ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოს, მოვუწოდებ ამ საკითხზე ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, სადაც ერთი ადამიანის თავი, როგორც უნდა, დისკრეციულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი. ამიტომ ვარ გაოგნებული გადაწყვეტილებით. მოულოდნელი იყო ჩვენთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობისთვის არ იყო, რადგან ბოლო სამი თვეა, გვესმის, რომ ზუსტად ეგეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ, რომლის აცილება არ დააკმაყოფილა სასამართლომ სრული დაუსაბუთებლობის გამო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, ქიბარ ხალვაშზე ტელეკომპანიის გადაფორმება ჩაითვლება „რუსთავი 2“-ის მითვისებად.
„ჩვენ ვფიქრობთ, კი არ ვფიქრობთ, მოვითხოვთ, რომ არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და მხოლოდ ერთი ადამიანის არასწორი ინტერპრეტაციით. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად, „რუსთავი 2“-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს გასაჩივრების უფლება. გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თვითონ იუსტიციის მინისტრმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გახსოვთ, რომ თქვა, ჯერ ვანო მერაბიშვილი ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად, რადგან ჩვენ გვაქვს სამი თვე გასასაჩივრებლად და შემდეგ დიდი პალატის განხილვის დასრულებამდე, ვანო მერაბიშვილი მეთვრამეტე მუხლის დარღვევას და პოლიტიკურ პატიმრობას ვერ გამოიყენებს თავის სასარგებლოდ. ეს არის იუსტიციის მინისტრის სიტყვები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.