ნიკა გვარამია - „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გააკეთა. გვარამიას თქმით, ყველა ადამიანს, ვის მოსყიდვასაც შეეცდებიან, ვისაც პასპორტს წაართმევენ, ან სხვაგვარად შესთავაზებენ არჩევნების გაყალბებას, „რუსთავი 2“ ამის გაცხადებისთვის 1000 ლარიან ჯილდოს სთავაზობს.
„ყველა ადამიანი, რომელიც ეთერში ინფორმაციას რაიმენაირი ფორმით დადასტურებულს მოიტანს, რომ მასზე არჩევნების გაყალბების მიზნით ზეწოლა ხორციელდება, რომ არჩევნები ყალბდება მისი მეშვეობით ნებისმიერი ფორმით, ის ადამიანი ჯილდოდ „რუსთავი 2“-სგან 1000 ლარს მიიღებს. ეს არის ოფიციალური განცხადება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი. „რუსთავი 2“ 1000 ლარიან ჯილდოს აწესებს თითოეულ ადამიანზე, რომელიც ინფორმაციას მოიტანს იმის შესახებ, თუ როგორ ყალბდება არჩევნები ნებისმიერ უბანზე, ეს იქნება ზუგდიდში, მთაწმინდაზე, ზესტაფონში, ხულოში, გურიაში, მარნეულში, თუ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, საარჩევნო ადმინისტრაციასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვამხელთ, არჩევნების გაყალბებაში და ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის 1000-ლარიან ჯილდოს ვაცხადებთ. ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის იმუშავეთ და მოიპოვეთ თავისუფლება ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა გვარამიამ.