ნიკა გვარამია - ოპოზიციის სისუსტეები შესამჩნევია, ზედაპირზეა, მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა, გაერთიანების ისეთი დროა, როგორიც არასდროს ყოფილა, რაღაც ახალი ფორმირება გჭირდებათ, მეგობრებო
ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად შესამჩნევია, ზედაპირზეა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა, ახლა გაერთიანების ისეთი დროა, როგორიც არასდროს ყოფილა, რაღაც ახალი ფორმირება გჭირდებათ მეგობრებო, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს მისი სასამართლო პროცესი გაიმართა.
„აუცილებლად უნდა ვთქვა ოპოზიციასთან დაკავშირებით. წინაზეც მინდოდა თქმა, თუმცა ძალიან ცხელი გარემო იყო და თავი შევიკავე, რომ კიდევ უფრო მეტად არ გამეღრმავებინა ეს დისკუსია. საბედნიეროდ, ახლა უფრო ჩაქრა ეს ტემპერატურა და ამიტომ მივცემ თავს უფლებას, ვთქვა. ოპოზიციის კრიტიკა გახდა თვითმიზანი. ბოდიშს გიხდით ყველას ამის თქმისთვის, მაგრამ ეს ასე გამოიყურება. კრიტიკის მიზანი არის გარემოს გაუმჯობესება. ოპოზიციის კრიტიკა გახდა, როგორ იცით? აი, რომ უნდა დაასტუკო და წახვიდე, დაახლოებით ეგეთი ფორმა მიიღო. ოპოზიციას, ალბათ დამემოწმებიან ჩემი მეგობრები, რომ ჩემზე მწვავე კრიტიკოსი ცოტა ჰყავდა ალბათ, მაგრამ კონტექსტი ცვლის შინაარსაც და სათქმელის დროსაც და ფორმასაც. მაგალითად, უცებ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ერთ დღესაც უკან მოვიხედავ და სრულიად მოშიშვლებული იქნება პოლიტიკური ზურგი. ჩვენი, იმ ადამიანების, ვისაც გვინდა ხელისუფლების შეცვლა, გვინდა პროდასავლური სახელმწიფო. ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად არის, შესამჩნევია, ზედაპირზეა, მაგრამ ასეთი სისუსტეები ამგვარი დამოკიდებულებით კიდევ უფრო ღრმავდება და მინდა, გითხრათ, რომ ზოგჯერ ეს დამოკიდებულებები სამწუხაროდ, არის უსამართლო, ზოგჯერ სამართლიანი, მაგრამ უკონტექსტო“, – აღნიშნა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ „რაღაც ახალი ფორმირება სჭირდებათ“.
„ოპოზიციასაც მინდა ვთხოვო, მგონია, ისეთი დრო არის ახლა, გაერთიანების, როგორიც ალბათ არასდროს ყოფილა. ეს კრიტიკაც ალბათ დასრულდება. რაღაც ახალი ფორმირება გჭირდებათ მეგობრებო, რომ არ გადაიტვირთოს თქვენი შიდა რესურსებიც და საზოგადოების დამოკიდებულება თქვენ მიმართ, რომელიც არის ძალიან ცუდ მინორში. ამას თქვენი შინაგანი ენერგია სჭირდება, რომ ეს გადაიტვირთოს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა. შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც კი იყოს და ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა, არა მარტო შესაძლებლობა“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებამ ოპოზიცია განტევების ვაცად დანიშნა, რადგან საკუთარი უუნარობის, ხშირ შემთხვევაში და კონსოლიდაციის შეუძლებლობის აღიარება არ უნდა, როგორც ყველას არ უნდა თავისი სისუსტეების აღიარება და მონახა ის, ვისაც შეიძლება, მართლა პრობლემები აქვს, მაგრამ ყველაფერი უნდა დაბრალდეს“.
„ოპოზიციასთან ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს და მათ პირადად ვეუბნები, როცა ჩემთან მოდიან. იმის მოლოდინი, რომ ახლა ეს ოპოზიცია რომ ჩამოიშალოს, მაინც არაფერს არ აკეთებენ და უცებ გაჩნდება ახალი და ის ყველაფერს შეცვლის, ეს სულ მცირე არარაციონალურია. ამიტომ, არც სასარგებლო იდიოტები უნდა ვიყოთ და არც გარიყულები არ უნდა ვიყოთ. რაციონალური და რაც მთავარია, სამართლიანი უნდა იყოს ჩვენი მოლოდინიც და ჩვენი სურვილიც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სააპელაციო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგა. მომდევნო პროცესზე კი, დაგეგმილია მსჯავრდებულის სიტყვა, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავა.
შეგახსენებთ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სამი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. მოსამართლემ მთავარი არხის ხელმძღვანელი საქმის ორ ეპიზოდზე გაამტყუნა. ერთი, რომელიც არხისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ეხებოდა და მეორე, იმ ავტომანქანის ეპიზოდზე, რაც გამოძიების ინფორმაციით, სარეკლამო ბარტერის ხელშეკრულებით კომპანიის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა გვარამიამ ის პირად საკუთრებაში მიიღო.