ნიკა გვარამია - „ოცნების“ სამარცხვინო შეხვედრაზე ვინც მივიდა, არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გამართულ შეხვედრაში მონაწილეებს სამარცხვინოს უწოდებს.
ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქზე“ წერს: „აი, ამ „ოცნების“ სამარცხვინო შეხვედრაზე ვინც მივიდა და სირცხვილის კორიდორი გაიარა, არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს და არც უნდა ქონდეს. “ოცნების პროექტები” სხედან, ვისთვისაც მოიგონა ბიძინამ ეს ნულოვანი ვარიანტი. ალექსანდრე ელისაშვილი დავით უსუფაშვილი რა პრეტენზიით გამოვლენ აწი და რა თემებზე ილაპარაკებენ, ძაან მაინტერესებს. რადიოქტიურ კობახიძეს რო ესხდნენ წინ და მადლობებს უხდიდნენ. update: გირჩიც ყოფილა Iago Tertön Khvichiaს სახით წარმოდგენილი“, – წერს გვარამია.
დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათ შორის „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.