ნიკა გვარამია - კომპანიამ დამიქირავა დირექტორად, მომცა გარანტიები, არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, 2020 წლის 31 დეკემბრამდე წასვლას არ ვაპირებ
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
„მე რა ვადაც მაქვს ამ კონტრაქტით, იმ ვადაში ვაპირებ დასრულებას. ეს არის 2020 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადამდე მე ამ კომპანიამ დამიქირავა დირექტორად, მომცა გარანტიები, მომცა, რადგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უზრუნველვყო, მე არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, მაშინ ლეგიტიმური ეს გადაწყვეტილება უბრალოდ ვერ იქნება. მე მაქვს გარანტია, რომელიც უნდა იყოს დაცული. ეს არ არის ჩემი გარანტია, ეს არის სარედაქციო გარანტია. მე არ ვაპირებ, რომ ვინმეს მივცე შესაძლებლობა ეს დაარღვიოს. გამორიცხულია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ი თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი, „მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას იმგვარს, რომ ჯობია, წავიდე, დავემორჩილები“.
„სხვაგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ იტყვიან. მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით მაცვია კამუფლაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ვიომებთ. შეგვიძლია და აქამდე ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.