ნიკა გვარამია - ხუთი ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, პრინციპის ამბავია, არ გადავიხდიდი
ხუთი ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, პრინციპის ამბავია, არ გადავიხდიდი, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შემდეგ განაცხადა.
ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.
„ხუთი ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი – პრინციპის ამბავია. მოსამართლეს ვუთხარი, გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-მეთქი და ასეთი რამ არ გამიგია, რომ გეუბნება ბრალდებული, არ გადავიხდიო და მაინც გამოგაქვს.
პროკურატურას რეალურად შეეშინდა და გასაგები იყო – უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. გირაოს არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის“, – განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.