ნიკა გვარამია - სახელისუფლო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს ხელისუფლებაში მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება, „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.

მისივე თქმით, იდეას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.

„ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლომ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში. ბოლო პერიოდში რაც ქვეყანაში ხდება, არის რუსული სცენარი სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მგონია, რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება, ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომადგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა, რომ რომელიმე არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით. არ გაბედოთ ამის გაკეთება, რადგან ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, „არ აპირებს, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას“.

„მე პერსონალურად ჩემი პოზიცია მინდა, ვთქვა – მხარს ვუჭერ ყველა ლეგიტიმურ და მშვიდობიან აქციას, მხარს ვუჭერ და ვმუშაობ, რომ ოლიგარქატი დამარცხდეს, მაგრამ არც ერთი ჩემი ქმედებით და ნაბიჯით, არც დამიჭერია მხარი და არც დავუჭერ რაიმე სახის ინტერესს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს. ჩემი მხრიდან ხომ გამორიცხულია, მაგრამ არც ჩემი თანამოსაუბრეების მხრიდან, არავითარი საუბრები რევოლუციაზე, სისხლიან დამხობაზე ან სხვა ტიპის ქმედებებზე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ ყოფილა. მე არც ვმალავ, რომ ვესაუბრები ადამიანებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვლაპარაკობ კიდევაც ამის თაობაზე ჩემს საჯარო სტატუსებში. თუ მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვარ ის, ვინც ამ ტელევიზიის საშუალებით ხელს უწყობს რაღაცა ტიპის არეულობას, მე გამოვცხადდები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და დავიცავ ჩემს უფლებებს ისე, როგორც საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია. მე არ ვაპირებ, ამოვეფარო ტელევიზიას. არ არის საჭირო ამისთვის აქ შემოსვლა. არ გამოიყენოთ ეს მოტივაციად, მითხარით, სად მოვიდე და მოვალ თუ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.