ნიკა გვარამია - გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა, თუმცა მისი განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში
ნიკა გვარამია - გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა, თუმცა მისი განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში

არხის სახელით მინდა ყველა იმ მორწმუნეს ბოდიში მოვუხადო, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებებით, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გაბუნიას გუშინდელ ეთერში გამოთქმული შეფასების გამო, საყვედური გამოეცხადა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ იმ მორწმუნეებს შორის, რომელსაც ბოდიშს უხდის, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებს არ გულისხმობს.

„ეს ადამიანები არ განიხილებიან ჩვენს მიერ ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად, შესაბამისად, ამ ადამიანებს არ ვგულისხმობთ.

დილიდან „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო. ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება. იგი არის ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს.

ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან-მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, როცა ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს. აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს.

ჟურნალისტის განცხადება იმ პირობებშიც, როცა ის არ ჯდება „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში, სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ის პირები, რომლებმაც დღეს „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გამართეს, ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და სისხლის სამართლებრივი წესით უნდა დაისაჯონ.

„ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ამ დანაშაულში მონაწილე ცალკეული პირების და ასევე ორგანიზატორების მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას, ხაზს ვუსვამთ, მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით მათი მთელი სიმკაცრით დასჯას. იმგვარად, რომ ისინი იყვნენ იზოლირებულნი საზოგადოებისგან, რათა ვერ შეძლონ შუღლის გაღვივება, ფიზიკური ზემოქმედება, შეურაცხყოფის მიყენება, დაშინება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

მინდა, მადლობა გადავუხადო პატრულის სამსახურს, რომელიც ოპერატიულად ჩაერთო მდგომარეობაში და საკმაოდ გაუჭირდა სიტუაციის ლოკალიზება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მოხერხდა. თუმცა, შსს-დან რეაგირებას ჩვენ არ ჩავთვლით სრულყოფილად, თუ ეს ადამიანები არ მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არ იქნებიან დროზე იზოლირებულნი საზოგადოებისგან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან, „ქართული მარშის“ წევრებამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები.