ნიკა გვარამია - ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ანტიქართული ქცევის გამო
ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ქცევის გამო, რომელიც არის ანტიქართული, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, მას არავის დაცვა არ სჭირდება.
„არ მჭირდება არავის დაცვა, თუ ციხეში უნდა წავიდე, წავალ. ეს იქნება პატივი ამ ხელისუფლების მიერ, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ზის ციხეში. ეს ტელევიზია არ გაჩერდება. ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ამგვარი ქცევის გამო, რომელიც არის ანტიქართული. პირდაპირ, მათ გასაგონად ის, რასაც ისინი აკეთებენ ანტიქართული ქცევა. ეს არის დელივერის მიღება, ვითომ კონფლიქტი განმუხტეს თავის ადმინისტრაციების წინაშე. ეს არის სირცხვილი დ ზუსტად ეს არის დასავლეთის დამაზიანებელი. მე ნუ დამელაპარაკება ანტიდასავლურ ქცევაზე რუსეთის ოფიციალური, ღია აგენტის შვილი ირაკლი კობახიძე და რუსული პროექტის, ბიძინა ივანიშვილის მონა ირაკლი კობახიძე. მე რუსეთის მიერ დევნილ ნიკა გვარამიას, მათ შორის ის ფასილიტატორები, რომლებიც ახლა სხედან და არავინ იცის, რაზე მუშაობენ“, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, კელი დეგნანმაც და კარლ ჰარცელმაც „თავი უნდა დაანებონ მისი და სხვა პოლიტმატიმრების თემების განხილვას“.
„ზურგში დანას ვიღებ იგივე დასავლური ინსტიტუციებისგან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუას პატიმრობა კი არ არის სირცხვილი, არამედ ჩემი დამფუძნებლობაა სირცხვილი, რადგან ის არის შეიარაღებული ბანდის მეთაური“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის ქცევა, რომლებიც მისი თქმით, „ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს“.