ნიკა გვარამია - ჩვენ გამოვდივართ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს
„მთავარი არხის“ დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი განცხადებით ოფიციალურად გააფორმა ქვეყანაში დიქტატურა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხების მთავარი წინაპირობაა მისი სახის სრული გაშიშვლება, რაც არის ბოლომდე მედიის და ბოლო თვის უწყვეტი სოლიდარული, პროფესიონალური კამპანიის დამსახურება“.
ნიკა გვარამიას განმარტებით, „მთავარი არხი“ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან გამოდის და მწვავე გაშუქების რეჟიმს უბრუნდება.
„მთავარი არხის“ სახელით ვაკეთებ განცხადებას, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი არხისთვის და ვიმედოვნებ, ჩვენი მაყურებლისთვისაც. ბოლო ერთი თვე ქართული მედიისთვის, მათ შორის ჩვენი არხისთვის იყო უმძიმესი, უმწვავესი. მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის. მართალია, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ გაცილებით მეტი. შევასრულეთ მედიის მთავარი ფუნქცია, ზედაპირზე ამოვიტანეთ „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე.
დღევანდელი განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად გააფორმა ქვეყანაში დიქტატურა, რომელიც მანამდეც არსებობდა, მაგრამ ვერ ვამჩნევდით ან არ ვიმჩნევდით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ დღეს უკვე არავითარი სივრცე აღარ არსებობს დამატებითი ინტერპრეტაციებისა და საკუთარი თავის მოტყუებისთვისაც კი.
ჩვენ საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან და მდინარაძის ფრაზის ციტირებას მოვახდენ: „არ გამოვრიცხავ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყოს კრიტიკა, მაგრამ თუ მოვლენებს ოდნავ ობიექტურად შეხედავ, ნებისმიერი გათვითცნობიერებული ადამიანი ობიექტურ შეფასებას გააკეთებს“.
ეს უკვე ღია განაცხადია „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსული ტიპის დიქტატურის და რუსეთზე ორიენტაციის აღების შესახებ. შესაბამისად, ჩემი აზრით, მთელმა ამ პერიოდმა, მედიის მუშაობამ შეასრულა ისტორიული და გადამწყვეტი როლი „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხებაში. „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხების მთავარი წინაპირობაა მისი სახის სრული გაშიშვლება, რაც არის ბოლომდე მედიის და ბოლო თვის უწყვეტი სოლიდარული, პროფესიონალური კამპანიის დამსახურება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკითხმა მიიღო უკვე მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ვფიქრობ, მედიამ უმაღლეს დონეზე შეასრულა საკუთარი ფუნქცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესებმა უკვე მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ხასიათი, ჩვენ გამოვდივართ იმ სპეციალური რეჟიმის მუშაობის მდგომარეობიდან და ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს. საკითხმა მიიღო მკაფიოდ პოლიტიკური ელფერი. შესაბამისად, ეს ბრძოლა და ეს სივრცე უკვე არის პოლიტიკოსების მოსაგები. საქართველო არის პოლიტიკოსების გადასარჩენი, ეს არის მკაფიოდ პოლიტიკური ბრძოლა, რაც დღეს რუსეთთან პრაქტიკულად შეერთების და დიქტატურის დამყარების დეკლარაციით გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“.
თავისთავად ცხადია, „მთავარი არხი“, იმედი მაქვს, სხვა ოპოზიციური ტელევიზიებიც ამ ბრძოლაში იდგებიან. არა პატრიოტული და მედასავლეთე პოლიტიკური პარტიების გვერდით, არამედ იდგებიან საქართველოს და მისი ინტერესების გვერდით. ღიად რჩება საკითხი მედიის უსაფრთხოებისა და დაცვის შესახებ. ასევე, ბოლო დღეების კამპანია საგადასახადო შტურმის თაობაზე, იცით, რომ ჩვენს გაყიდვების სახლში შესულია საგადასახადო, საგადასახადო შევიდა რეიტინგების გამზომ კომპანიაში, რაც გამოიწვევს მთელი ოპოზიციური მედიის პარალიზებას, ასევე შევიდა ორ, თუ სამ ყველაზე მსხვილ ჩვენს პარტნიორ მედია სააგენტოში, სარეკლამო სააგენტოებში, რაც ნიშნავს ფულის მასების ნაკადის სერიოზულ შეფერხებას, რაც, ბუნებრივია, შეფერხებას გამოიწვევს ტელევიზიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ როგორც პოლიტიკურ აქტორებს, ასევე პირველ რიგში საერთაშორისო აქტორებს, გამუდმებული ყურადღების და ძალიან მკაფიო და მკაცრი რეაგირების რეჟიმში ჰყავდეთ „ქართული ოცნება“, რომელმაც დღეს აირჩია რუსული გზა და მოახდინა დიქტატურის ოფიციალური დეკლარირება.
როგორც ჩანს, ეს დიქტატურა აგვისტოში თავის მსუსხავ ხელს კიდევ ბევრჯერ გამოყოფს, რადგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როდესაც შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას. ჩვენ ბუნებრივია, ვიქნებით მუდმივად მწვავე რეაგირების რეჟიმში, მაგრამ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომელიც საქართველოშია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.