აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს, ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაამხოს ხალხმა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სუს-ში გამოკითხვაზე მის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება დამხობის მოწოდებას, ამის განმარტებას გავაკეთებ. იმის განმარტება რაკიღა არ სჭირდებათ უზურპატორი ვინ არის, რადგან გასაგებია უკვე დაბარებიდან, რომ სწორად გამოიცნეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ნამდვილად ის არის უზურპატორი. რა ვიგულისხმე დამხობაში, მგონი ესეც მიწერია პოსტში, მაგრამ, რაკიღა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ჭირს, ეს PISA-ს კვლევებმაც აჩვენა – საქართველოში ზოგადად მარტივი საკითხი არ არის, როგორც ჩანს. მივალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას და უზურპატორს და მის დამქაშებს.
პრაქტიკულად, ეს გახდა გამოძიების საგანი, მაგრამ, ბრალის წაყენების საგანი გახდება თუ არა? სავარაუდოდ ალბათ, კი. აბა რისთვის უნდა მიბარებდნენ? პოსტი, როგორ შეიძლება გამოძიების საგანი იყოს, მით უმეტეს, ამ შინაარსის. ბევრჯერ მაქვს უკვე ეს მუხლი, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, მესამე თუ მეოთხე შემეთხვევაა“, – განაცხუცხდა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. სუს-ის ცნობით, გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.