ნიკა გვარამია - არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, აგერ ნახავთ, ეს ვერ იქნება „ქართული ოცნება“
ნიკა გვარამია - არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, აგერ ნახავთ, ეს ვერ იქნება „ქართული ოცნება“

არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ეს ვერ იქნება „ქართული ოცნება, აგერ ნახავთ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამაზე ყველანი თანხმდებიან.

„მანდატებზე უარის თაობაზე ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება. როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, რადგან ეს შედეგების გამოცხადების შემდეგაა შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით. ამაზე არსებობს ყველას თანხმობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ „კარუსელის“ მეშვეობით ხდებოდა გაყალბება.

„ერთი ადამიანი ბევრ უბანზე აძლევდა ხმას. ასევე, „კარუსელის“ ახალი ფორმა იყო, როცა ორ ბიულეტენს აძლევდნენ „ქოცების“ მომხრეებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის შეფასებას, ნიკა გვარამიას თქმით, „ბევრ პუნქტს ეთანხმება დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი მისთვის მისაღები არ არის“.

„ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავდროულად, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ“.