ნიკა ანთიძე - რაც სურათებზე ჩანს, თუ ნამდვილად დოლისყანის ტაძართან ან მის მიმდებარედ ხდება, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია
რაც სურათებზე ჩანს, თუ ნამდვილად დოლისყანის ტაძართან ან მის მიმდებარედ ხდება, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ საქართველოს პირველ არხს ტაო-კლარჯეთში, ქართულ ტაძარში საპირფარეშოების მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
ნიკა ანთიძის თქმით, საკითხის მოკვლევა უკვე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„რაც სურათებში ჩანს, თუ ეს ნამდვილად ტაძართან ხდება ან მის მიმდებარედ, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხის მოკვლევა თავისი არხებით დაიწყო. ჩვენი საელჩო არის ჩართული, რომ ფაქტის დადასტურება მოხდეს. პირველ რიგში ფაქტის უტყუარობა უნდა დადგინდეს, რომ ნამდვილად დოლისყანასთან გვაქვს საქმე, რათა შემდგომში რეაგირება დაიგეგმოს. გვექნება ინფორმაცია, თუ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგა ინსტიტუციებს თურქეთში. ვერ წარმომიდგენია, რომ ძეგლთა დაცვითი თვალსაზრისით თურქეთში ჩვენგან განსხვავებული პოზიცია იყოს. შესაბამისად, პირველ რიგში აუცილებელია ფაქტის უტყუარობის დასტური და შემდგომ რეაგირება. დღეს ველოდებით თურქეთიდან საელჩოს მეშვეობით ინფორმაციას”, – განაცხადა ანთიძემ.
ნიკა ანთიძემ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაცია სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს გადამოწმებული, რადგან საქართველოს ტერიტორიაზეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი ტიპის მასალა არ შეესაბამებოდა რეალობას.
მისი თქმით, დღის ბოლომდე ახალი ინფორმაცია იქნება ცნობილი, დასტურის შემთხვევაში კი, უკვე პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთებიან. ანთიძის განცხადებით, ფაქტზე რეაგირება თურქეთის ხელისუფლების კომპეტენცია იქნება.
„თურქეთთან ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომლითაც ვეხმარებით ერთმანეთს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში. ეს პროცესები დაძრულია და საკმაოდ საინტერესო ფაზაშია გადასული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში თურქეთის მხარეს ექნება ამაზე რეაგირება. ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ, რომ რეაგირება იყოს სწორი და ქმედითი”, – აღნიშნავს ანთიძე.
ტაო-კლარჯეთში, მე-10 საუკუნის ქართულ ტაძარში საპირფარეშოების მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ფოტო-მასალასთან ერთად გუშინ სოციალური ქსელში ისტორიკოსმა, ბუბა კუდავამ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დოლისყანის კარიბჭეში ორმოები უკვე ამოთხრილია და ნაწილზე რკინის ცხაურია დამონტაჟებული. ფოტომასალაში ჩანს მილები და ტაძარში მოთავსებული სამშენებლო მასალაც.
გარდა ამისა, საქართველოს პირველ არხს დოლისყანის კარიბჭეში რამდენიმე საათის წინ გადაღებული ფოტოები მიაწოდა თსუ-ს პროფესორმა, გიორგი დვალაშვილმა, რომელიც ადგილზე სტუდენტების ჯგუფთან ერთად იმყოფება.