ნიკ კირგიოსმა ვაშინგტონის ტურნირი მოიგო და TOP30-ში დაბრუნდა
ნიკ კირგიოსმა ვაშინგტონის ტურნირი მოიგო და TOP30-ში დაბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ATP500-ის ტურნირი ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა მოიგო. მან ფინალში ორი ტაი-ბრეიკი მოუგო მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს, რუს დანიილ მედვედევს – 7:6(6), 7:6(4).

ორივე ჩოგბურთელმა უშეცდომოდ ითამაშა საკუთარ გეიმებში – მატჩში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაფიქსირებულა. ამიტომაც, ორივე სეტის ბედი მე-13 გეიმში გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტის ტაი-ბრეიკში კირგიოსმა 1:4-დან შეძლო მოგება.

ნიკმა 18 ეისი ჩააწოდა ფინალში, სულ კი ტურნირზე ექვს მატჩში 110 ეისი დააგროვა.

წელს, ავსტრალიელმა ATP500-ის მეორე ტურნირი მოიგო. მარტში მან აკაპულკოში გაიმარჯვა – იქ რაფაელ ნადალისა და ფინალში ალექსანდრ ზვერევის დამარცხება შეძლო. სულ კირგიოსს კარიერაში ექვსი ტიტული დაუგროვდა.

კირგიოსმა 500 სარეიტინგო ქულა აიღო და კლასიფიკაციის TOP30-ში დაბრუნდა. ვაშინგტონში ტრიუმფისთვის ავსტრალიელმა 365390 დოლარი მიიღო.