ნიკ კირგიოსმა ჯოკოვიჩი შეურაცხყო, რომელმაც ავსტრალიის ღიას ორგანიზატორებს მოთხოვნები წაუყენა
ნიკ კირგიოსმა ჯოკოვიჩი შეურაცხყო, რომელმაც ავსტრალიის ღიას ორგანიზატორებს მოთხოვნები წაუყენა

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა შეურაცხყოფა მიაყენა მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს იმ მოთხოვნების გამო, რომელიც სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის წინ ორგანიზატორებს წაუყენა. კერძოდ, ნოვაკმა კარანტინში მოთამაშეთა პირობების გაუმჯობესება მოითხოვა.

ჯოკოვიჩს სურს, რომ მოთამაშეებს გამოუყონ კერძო სახლები საწვრთნელი კორტებით. ასევე სერბი ითხოვს, რომ იზოლაციის ხანგრძლივობა შეამცირონ იმ ჩოგბურთელებისთვის, რომლებმაც კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ჩააბარეს, აგრეთვე, მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ მწვრთნელებთან შეხვედრის საშუალება. კიდევ ერთი მოთხოვნაა – ხარისხიანი კვება.

თავდაპირველად, ჯოკოვიჩი გააკრიტიკა ყოფილმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა სემ გროტმა, რომელმაც სერბის სიტყვებს ეგოისტური პოლიტიკური სვლა უწოდა, მოგვიანებით კი თანამემამულეს ნიკ კირგიოსი შეუერთდა. მან სოციალურ ქსელში კომენტარი გაუკეთა ახალი ამბების იმ ნაწილს, სადაც ჯოკოვიჩის მოთხოვნები იყო გაჟღერებული.

„ჯოკოვიჩი სულელია“, – დაწერა კირგიოსმა „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ჩასული ყველა ჩოგბურთელი და მწვრთნელი ვალდებულია ორკვირიანი კარანტინი გაიაროს.

ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება.