ნიკ კირგიოსმა მონრეალის „მასტერსიდან“ დანიილ მედვედევი გააგდო, ასევე დამარცხდნენ მეორე წრეში ციციპასი, ალკარასი და რუბლიოვი #1TVSPORT
ნიკ კირგიოსმა მონრეალის „მასტერსიდან“ დანიილ მედვედევი გააგდო, ასევე დამარცხდნენ მეორე წრეში ციციპასი, ალკარასი და რუბლიოვი #1TVSPORT

მონრეალში მიმდინარე „მასტერსს“ მეორე წრიდან გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი. ის სამ სეტში დამარცხდა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან – 7:6(2), 4:6, 2:6.

პირველ სეტში კირგიოსმა დასანანი მარცხი იწვნია, რადგან 5:4-ზე მეტოქის გეიმში ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეორე სეტში ადრეული ბრეიკის წყალობით მოიგო, მესამეში კი ჯერ მედვედევის ორი ბრეიკპოინტი მოიგერია, შემდეგ კი 2:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და კარიერაში ოთხი ცდიდან მესამედ დაამარცხა რუსი ჩოგბურთელი.

კირგიოსი აგრძელებს შესანიშნავი ფორმის ჩვენებას – უიმბლდონის ფინალში ითამაშა, გასულ კვირას კი ვაშინგტონის ATP500 კატეგორიის ტურნირი მოიგო და ახლა, ბოლო 15 მატჩში 14 აქვს მოგებული.

ტურნირს ასევე გამოეთიშა მეორე ნომერი სტეფანოს ციციპასი. ბერძენმა ორ სეტში – 5:7, 6:7(4) წააგო ახალგაზრდა ბრიტანელთან ჯეკ დრეიპერთან, რომლისთვისაც ეს იყო კარიერაში პირველი მოგება TOP10-ის წარმომადგენელთან.

დამარცხდა ტურნირის მესამე ნომერი, ესპანელი კარლოს ალკარასი. მართალია, მას მატჩბოლი ჰქონდა ამერიკელი ტომი პოლის წინააღმდეგ, მაგრამ სამ სეტში წააგო – 7:6(4), 6:7(7), 3:6. პოლმა ბოლო 10 თვეში მეოთხედ მოიგო რეიტინგის TOP10-ის ჩოგბურთელთან.

და კიდევ, მონრეალის „მასტერსს“ ასევე მეორე წრეში გამოეთიშა მეხუთე ნომრად განთესილი რუსი ანდრეი რუბლიოვი. ის ორ სეტში დაამარცხა ბრიტანელმა დანიელ ევანსმა – 6:4, 6:4.