რაფაელ ნადალმა ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო და ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ალკარასთან ითამაშებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა ზედიზედ მე-19 მატჩი მოიგო და ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალში ალკარასთან ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გააგრძელა 2022 წლის სეზონში მოგებების სერია. ესპანელმა მიმდინარე სეზონში მე-19 მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მე-19 გამარჯვებას მიაღწია. ნადალმა ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი დაამარცხა – 7:6(0), 5:7, 6:4. შეხვედრა ორი საათი და 48 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში კირგიოსი ახლოს იყო მოგებასთან – ის ბრეიკით იგებდა და 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ნადალმა უკუბრეიკი შეასრულა და შემდეგ „მშრალი“ ანგარიშით მოიგო ტაი-ბრეიკი. მეორე სეტში ერთადერთო ბრეიკ-პოინტი კირგიოსს მე-12 გეიმში ჰქონდა. ავსტრალიელმა შანსი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

ყველაფერი მესამე სეტს უნდა გადაეწყვიტა. პარტიაში ერთადერთი ბრეიკი ნადალმა მეშვიდე გეიმში შეასრულა და ამის წყალობით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ნახევარფინალში ნადალი ესპანური ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავს კარლოს ალკარასს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, ბრიტანელ კემერონ ნორის ორ სეტში მოუგო – 6:4, 6:3.