ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეშვიდე უიმბლდონი მოიგო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეშვიდე უიმბლდონი მოიგო #1TVSPORT

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2022 წლის უიმბლდონის ტრიუმფატორი გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა სამ საათში 4:6, 6:3, 6:4, 7:6( 3) მოუგო ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს. ჯოკოვიჩმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი და 21-ედ გაიმარჯვა „დიდი სლემის“ ტურნირზე.

საწყისი პარტიის ბედი მეხუთე გეიმში გადაწყდა, როცა კირგიოსმა ორი ბრეიკპოინტი მიიღო და მეტოქე ორმაგი შეცდომით დაეხმარა. თავად ნოვაკს ბრეიკპოინტები არ ჰქონია.

პირველ სეტში კირგიოსმა აშკარად აჯობა სერბს. საკუთარ გეიმებზე მხოლოდ ხუთი ქულა წააგო, შვიდი ეისი ჩააწოდა, 14 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ ოთხი „უნებლიე“ შეცდომა დაუშვა.

მეორე სეტში გაცილებით დრამატული ბრძოლა იყო. ჯოკოვიჩმა მეოთხე გეიმში პირველი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და პირველად აიღო მეტოქის მოწოდება. სერბმა 5:3-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ამ გეიმში კირგიოსმა 40:0 დაწინაურება შეძლო, მაგრამ ჯოკოვიჩმა სამივე ბრეიკპოინტი მოიგერია, შემდეგ ავსტრალიელმა მეოთხე ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ნოვაკმა ისევ გადაარჩინა გეიმი და მალე სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტიდან მოყოლებული, ჯოკოვიჩმა შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა, თან პირველი მოწოდება თითქმის უნაკლოდ ,უშაობდა. მეორე სეტში სერბს ოთხი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, მესამეში მხოლოდ ორი. მესამე პარტიაში ნოვაკმა მხოლოდ ერთი გათამაშება წააგო პირველ მოწოდებაზე. სეტის ბედი კი მეცხრე გეიმში გადაწყდა, რომელსაც კირგიოსი თავის მოწოდებაზე 40:0-ს იგებდა და ზედიზედ ხუთი ქულა წააგო, რის შემდეგაც ჯოკოვიჩმა სეტზე უპრობლემოდ ჩააწოდა.

მესამე და მეოთხე გეიმებში ჯოკოვიჩმა ბრეიკპოინტებამდე არ მიუშვა მეტოქე, თუმცა, მეოთხე პარტიაში მასაც არ ჰქონია მოწინააღმდეგის მოწოდების აღების შანსი. ჩოგბურთელები ისე დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, რომ არც ერთ გეიმში „თანაბრამდეც“ არ მისულა საქმე. შესაბამისად, საქმე ტაიბრეკამდე მივიდა, რომელშიც კირგიოსმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ჯოკოვოჩს საქმე გაუადვილა.

აღსანიშნავია, რომ მატჩში უფრო მეტი ბრეიკპოინტი კირგიოსს ჰქონდა – ექვსი ოთხის წინააღმდეგ, მაგრამ ჯოკოვიჩმა ორი შანსი გამოიყენა, ავსტრალიელმა ერთი. სერბმა მხოლოდ 17 უნებლიე შეცდომა დაუშვა და პირველი მოწოდებით ქულების 82 პროცენტი მოიგო. სწორედ ამ ფაქტორების წყალობით შეძლო ჯოკოვიჩმა მოგება.