ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი მორიგ სკანდალში გაეხვა. ამჯერად, ინციდენტი რომის მასტერსის მეორე წრეში, ნორვეგიელ კასპერ რუუდთან მატჩში მოხდა.
კირგიოსს კონფლიქტი ჰქონდა მსაჯთან და ჩოგნის კორტზე დახეთქებისთვის გამოტანილი გაფრთხილების შემდეგ, სკამი მოედანზე მოისროლა, ჩანთა შეკრა და კორტი დატოვა.
თვითმხილველის ინფორმაციით, 24 წლის ავსტრალიელს არ მოეწონა ის, რომ მოწოდების წინ, რომელიღაც მაყურებელი თავისი ადგილიდან წამოდგა. ასევე გულშემატკივრებმა ჩოგბურთელს სტვენა დაუწყეს.
ინციდენტის შემდეგ, მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება, კირგიოსისთვის ტექნიკური წაგება მიეცა. მატჩის შეწყვეტის მომენტში, რუუდი წინ იყო – 6:3, 6:7(5), 2:1.
დისკვალიფიკაცია ნიშნავს, რომ ჩოგბურთელი ვერ მიიღებს რომში გამოსვლისთვის სარეიტინგო ქულებს, საპრიზო თანხას, აგრეთვე მას გადაახდევინებენ სასტუმროში ცხოვრების თანხას.