ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო დარტყმებს ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო დარტყმებს ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საჰაერო დარტყმები სოფელ დაბან-მასარაში განხორციელდა, რომელიც ტბა ჩადის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ, „როიტერისთვის“ მიცემული ინტერვიუს მიხედვით, ავიადარტყმებს სულ მცირე 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, დაღუპულთა უმეტესობა ადგილობრივი მეთევზეა, რომელთა დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ხელისუფლების მიერ აკრძალულ ტერიტორიაზე თევზაობდნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზაობა ხელისუფლებამ იმ მიზეზით აკრძალა, რომ თევზის ვაჭრობით „ისლამური სახელმწიფოს“ დასავლეთ აფრიკის ფილიალი ფინანსდება.
ნიგერიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმები გაერო-მ დაადასტურა. ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, დარტყმების შედეგად ერთი მეთევზე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ ისლამისტ ამბოხებულთა წინააღმდეგ საბრძოლველად, ნიგერიამ აშშ-სგან „A-29 Super Tucano“-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო.
საჰაერო დარტყმებამდე ორი დღით ადრე, ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორ სოფელში შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე 34 ადამიანი მოკლეს.