ნიგერიაში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, 90-ზე მეტი მოსწავლე გოგონა დაიკარგა
ნიგერიის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმის შემდეგ, 90-ზე მეტი მოსწავლე გოგონა დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრები სოფელ დაპჩიში მდებარე სკოლას 19 თებერვალს დაესხნენ თავს. თავდასხმის დროს შენობაში 11 წელს ზემოთ ასაკის 711 გოგონა იმყოფებოდა. მოსწავლეები და მასწავლებლები იძულებულები გახდნენ, ტყეში გაქცეულიყვნენ, თუმცა 91 ბავშვის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.
სააგენტო Reuters-ს აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე მშობელმა და თვითმხილველმა დაუდასტურა, რომლებსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურთ, რადგან ნიგერიის მთავრობისა და უსაფრთხოების ძალებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ ბავშვების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია არსად ეთქვათ.
2014 წლის აპრილში ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ტერორისტები თავს დაესხნენ ჩიბოკის სკოლას და 276 მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. მათგან 57-მა გაქცევა შეძლო, კიდევ 97 კი მოგვიანებით სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. 100-ზე მეტი გოგონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
2016 წელს „ბოკო ჰარამმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გატაცებული გოგონები ჩანან.
ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ნიგერიის ტერიტორიაზე შარიათის დაწესებისთვის და დასავლური განათლების წინააღმდეგ იბრძვის.