ნიგერიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აფრიკულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებული იტალიის მოქალაქეა. ის ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მილანიდან 25 თებერვალს ჩავიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას მძიმე სიმპტომები არ აღენიშნება.
ნიგერიასთან ერთად აფრიკაში ახალი კორონავირუსი ეგვიპტესა და ალჟირშიც ფიქსირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ კონტინენტზე ჯანდაცვის მყიფე სისტემა ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.
საერთაშორისო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით 80 000 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსი საერთო ჯამში 50 ქვეყანაში ფიქსირდება.