ნიდერლანდებში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლები 2 ივნისს გაიხსნება, საშუალო სკოლებში სასწავლო პროცესი 8 ივნისიდან აღდგება.
ამასთან, კაფეები და რესტორნები პირველი ივნისიდან განაახლებენ მუშაობას, თუმცა შეზღუდვებით. მათ მაქსიმუმ 30 სტუმრის მიღების უფლება ექნებათ. ადამიანები ვალდებული იქნებიან 1,5-მეტრიანი დისტანცია დაიცვან.
ასევე გაიხსნება მუზეუმები, თუმცა ბილეთები მხოლოდ ინტერნეტით გაიყიდება.
ქვეყნის პრემიერმა, მარკ რუტემ მოსახლეობას მოუწოდა, გააგრძელონ რეკომენდაციების დაცვა, რადგან ვირუსი არსად გამქრალა.
ნიდერლანდებში „კოვიდ 19“-ის 44 249 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით ქვეყანაში 5 715 ადამიანი დაიღუპა.