ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს

ხედავთ, რომ ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს. გვაქვს შეგრძნება, რომ ამის დრო ახლაა, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.

ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უკრაინის მთავრობამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა. მისივე თქმით, საჭიროა საკითხის პარტნიორებთან განხილვა.

„სიმართლეა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა „ეფ 16“-ები, ამას სერიოზულად ვეკიდებით და საკითხს აუცილებლად განვიხილავთ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური შეიარაღების სისტემაა და ამასთან დაკავშირებით საჭიროა დებატები პარტნიორებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უნდა ვიმსჯელოთ მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.