ნიდერლანდების მედია დონეცკის მახლობლად მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოვარდნამდე ჩაწერილ უკრაინელი სეპარატისტების საუბარს ასაჯაროებს
ნიდერლანდების მედია დონეცკის მახლობლად მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნამდე ჩაწერილ უკრაინელი სეპარატისტების საუბარს ასაჯაროებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვამ ჩანაწერები 2014 წლის ივლისსა და აგვისტოში, თვითმფრინავის კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტების მტკიცებით, მოლაპარაკებების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის გავლენა სეპარატისტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წლის ივლისიდან. მოსკოვი, მათი აზრით, იმ დროს მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში სამხედრო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.
კერძოდ, ერთ-ერთ საუბარში რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი, სერგეი დუბინსკი ამბობს, რომ თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) კრემლის ნებართვის გარეშე სლავიანსკის დატოვების ბრძანებას ვერ გასცემს.
17 ივლისს, ბოინგის ჩამოვარდნის დღეს, სერგეი დუბინსკიმ ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მოსკოვთან. იგორ გირკინი (სტრელკოვი) ასევე ამბობს, რომ ის მოსკოვთან „უმაღლეს დონეზე“ ურთიერთობს.
იმავე დღეს, დუბინსკი თავის სატელეფონო საუბრებში არაერთხელ ახსენებს სარაკეტო სისტემა „ბუკს“, რომელიც, მისივე თქმით, აუცილებელია სეპარატისტებისთვის, უკრაინის ავიაციისგან თავდაცვის მიზნით, სოფელ მალინოვკის მიდამოებში.
ჩანაწერში ისმის შემდეგი საუბარი: „ტანკები არ არის საჭირო, საჭიროა მხოლოდ შორეული არტილერია და კარგი საჰაერო თავდაცვა. დღეს შევეცდები, თუ ღამით „ბუკები“ გაიყვანეს, მოვიდეს პირდაპირ შენთან. ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი, მხოლოდ „ბუკის“ იმედი გვაქვს“.
ჩანაწერების მიხედვით, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ნახევარ საათში დუბინსკის ტელეფონით აცნობეს, რომ სეპარატისტებმა უკრაინული ავიაგამანდგურებელი „სუ-25“ ჩამოაგდეს.
მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, 2014 წლის ივლისში დონეცკის მახლობლად ჩამოვარდა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.
2019 წელს გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ავიალაინერი რუსულ სარაკეტო კომპლექს „ბუკით“ სეპარატისტების კონტროლირებული ტერიტორიიდან ჩამოაგდეს.