ნეპტუნის ყველაზე პატარა, უცნაური წარმოშობის მთვარეს სახელი შეურჩიეს
ნეპტუნის ყველაზე პატარა, უცნაური წარმოშობის მთვარეს სახელი შეურჩიეს

ნეპტუნის ყველაზე ბოლოს აღმოჩენილ, ყველაზე პატარა მთვარეს ასტრონომებმა მითოლოგიური ზღვის ცხენის, ჰიპოკამპის სახელი უწოდეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ის სავარაუდოდ, ნეპტუნის ერთ-ერთი უფრო დიდი მთვარის უძველესი ნამსხვრევია.

ჰიპოკამპის დიამეტრი 34 კილომეტრია. მთვარე 2013 წელს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღმოაჩინა ასტრონომმა მარკ შოუალტერმა. ის და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჰიპოკამპი მილიარდობით წლის წინ წარმოიქმნა, როცა ნეპტუნის უდიდეს შიდა მთვარე პროტეუსს კომეტა შეეჯახა. ის ორი მთვარე ნეპტუნის ორბიტაზე ერთმანეთისგან მხოლოდ 12 000 კმ-ის დაშორებით მოძრაობენ და სავარაუდოდ, წარსულში ერთმანეთთან უფრო ახლოს იყვნენ.

შოუალტერის განცხადებით, მეცნიერებს დიდი ხანია სჯერათ, რომ ნეპტუნის შიდა მთვარეები კომეტებთან შეჯახებების შედეგად არის დამსხვრეული.

„ჰიპოკამპის აღმოჩენა, რომელიც უფრო დიდ მთვარე პროტეუსთან ასე ახლოს მოძრაობს, განსაკუთრებით დრამატულ ილუსტრაციას გვთავაზობს ნეპტუნის სისტემის მშფოთვარე ისტორიის შესახებ.

მკვლევრები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ჰიპოკამპი შესაძლოა, საერთოდ კავშირში არ იყოს პროტეუსთან, მაგრამ მათ თეორიას მხარს უჭერს მისი პატარა ზომა და განსაკუთრებული ადგილმდებარეობა.

პროტეუსი ნასას ხომალდმა ვოიაჯერ-2-მა 1989 წელს აღმოაჩინა. ეს მუქი და არარეგულარული ფორმის ობიექტი მეორე უდიდესია ნეპტუნის მთვარეებს შორის; დიამეტრი 400 კილომეტრია. უდიდესი მთვარეა ტრიტონი.

ვოიაჯერ-2-მა პროტეუსზე დარტყმის შედეგად წარმოქმნილი მასიური კრატერი გადაიღო.

„ჰაბლის წყალობით, პროტეუსის ამ ციცქნა ნაგლეჯის შესახებ ახლა უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვიცით“, — აღნიშნავს შოუალტერი.