„ნენსკრა ჰიდრო“ - ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა.
კომპანიის ცნობით, ადგილზე 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს.
„შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდება, სამშენებლო კომპანია კი, მომდევნო დაზიანებულ მონაკვეთზე მიიღებს წვდომას შემდგომი აღდგენისთვის. აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად დაგეგმილია დროებითი არხის გაყვანა მდინარის დინების მიმართულების შესაცვლელად, დამცავი ნაპირსამაგრი სამუშაოები, ქვაყრილის მოწყობა და შემდგომ მდინარის პირვანდელ კალაპოტში მოქცევა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკის 10-მდე ერთეული“, – აცხადებენ კომპანიაში.
სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „საქართველოს სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.
მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე სამი ხიდის მშენებლობა იქნება.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.