„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც სამი თვის განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს.

როგორც კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა, თეიმურაზ კოპაძემ განაცხადა, ნენსკრასა და ნაკრას ხეობები, სადაც „ნენსკრა ჰესის“ პროექტი ხორციელდება, ამჟამად თითქმის უცნობია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩვენი პროექტის მეშვეობით შიდა ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და შეიქმნება სხვადასხვა მიმზიდველი ტურისტული ატრაქცია, სიტუაცია შეიცვლება. ამჟამად ორივე ხეობაში საოჯახო ტიპის 20-მდე სასტუმრო მუშაობს, სადაც ძირითადად ჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია ამ ზაფხულს აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ, მასში ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ვინაიდან ჩვენი პროექტი სვანეთში ხორციელდება, სწორედ ამ ულამაზესი კუთხისადმი მიგვეძღვნა საინფორმაციო კამპანია“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა.

ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ოპერირებს, სადაც სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის – ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად.

სს „ნენსკრა ჰიდრო“  მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.