ნელი დოროყაშვილის ადვოკატი - ძალიან კარგად იცის მოსამართლემ, რომ ფიზიკური ძალადობის დასადგენად საერთოდ არ არის საჭირო, ფიზიკური დაზიანებების კვალი არსებობდეს სხეულზე
ფიზიკური ძალადობის დასადგენად საერთოდ არ არის საჭირო, ფიზიკური დაზიანებების კვალი არსებობდეს სხეულზე. ადამიანს ხელით თუ შეეხები და ასეთი დაზიანება კვალს არ დატოვებს, მაგრამ ადამიანი ტკივილს განიცდის, ეს ძალადობის დასადგენად საკმარისია, – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა ანა თავხელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნელი დოროყაშვილი ამის შესახებ დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, თუმცა სასამართლომ ეს ნაწილი არ შეაფასა.
„თავად სასამართლო არ დავობს იმაზე, რომ დაზარალებულის სხეულზე იყო დაზიანების კვალი, თუმცა ამ დაზიანებას ექსკორიაცია რომ უწოდა სასწრაფოს ექიმმა და ექსპერტმა სისხლნაჟღენთი, თურმე ეს ნელი დოროყაშვილის ბრალია, რომ მას წინასწარ უნდა გაეთვალა, სწორი ტერმინები გამოეყენებინა სასწრაფოს ექიმს. ამის დაზარალებულის საწინააღმდეგოდ შემობრუნება უკიდურესად დამაზიანებელია ზოგადად მსხვერპლებისთვის. ძალიან კარგად იცის მოსამართლემ და მას არაერთ განაჩენში თავადაც დაუწერია, რომ ფიზიკური ძალადობის დასადგენად საერთოდ არ არის საჭირო, ფიზიკური დაზიანებების კვალი არსებობდეს სხეულზე. ადამიანს ხელით თუ შეეხები და ასეთი დაზიანება კვალს არ დატოვებს, მაგრამ ადამიანი ტკივილს განიცდის, ეს უკვე საკმარისია ძალადობის დასადგენად. დაზარალებული ამას დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, თუმცა რატომღაც სასამართლომ ეს ნაწილი არ შეაფასა“, – განაცხადა ადვოკატმა ანა თავხელიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.