სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო [ფოტო]
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო [ფოტო]

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ შემდეგი  – ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირბელი ნაწილით, საუბარია 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდზე; სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს ფულადი თანხა“, – აღნიშნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში იყო გარკვეული ეპიზოდები, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი არაეთიკური სიტყვებით მიმართავს ნელი დოროყაშვილს, თუმცა, მოსამართლის თქმით, ამის საპირწონედ სასამართლოს ჰქონდა ამავე ვიდეო-აუდიოჩანაწერებში ნელი დოროყაშვილის ქმედებებიც.

„ჩანაწერების მიხედვით, თავად ნელი დოროყაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილს, იყო დამცირების შემთხვევები და სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიებული. გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოცემულ საქმეში ჩაატარა ალტერნატიული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამ დასკვნიდან გამომდინარე, ბრალდების ტვირთი ერთგვარად გაიზარდა. ბრალდების მხარეს ერთი მხრივ უნდა დაედასტურებინა, რომ ბასილაშვილთან ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა და მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს უნდა გაებათილებინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარუდგინა. თუმცა, გამოკვლეული მტკიცებულებებით, ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნა, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი აცხადებდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ხშირად ახორციელებდა ეკონომიკურ ძალადობას, უბლოკავდა მას შესაბამის ბარათებს და იძულებული ხდებოდა, დახმარება მეგობრებისგან მიეღო, თუმცა საბანკო ამონაწერების მიხედვით, მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა.

„დაზარალებული ამბობდა, რომ აშშ-ში ფიზიკური ძალადობის განხორციელების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას დაუბლოკა ბარათი, შესაბამისად, იძულებული გახდა, დახმარება მიეღო მამის მეგობრის მხრიდან. სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოვისმენდით იმ პირის ვინაობას, ვინ იყო მამის მეგობარი. სასამართლოს გასაოცრად, არაერთი მოწოდების მიუხედავად, დაზარალებულმა არ დაასახლა ამ ადამიანის სახელი. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაში. ამის საპირწონედ, დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია საბანკო ანგარიშსწორება, ამონაწერი ბანკიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ არა მხოლოდ აშშ-ში, საქართველოშიც, ამ ამონაწერების მიხედვით, არ ფიქსირდება რომელიმე ეტაპზე ბარათის დაბლოკვის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე წარმოუდგენდა სასამართლოს სხვა მტკიცებულებას, იგივე ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, თუმცა ამგვარი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

გარდა ამისა, სასამართლოს ჰქონდა მოლოდინი, რომ ნელი დოროყაშვილს, რომელიც ახორციელებს ვიდეო-აუდიოგადაღებებს, აარქივებს მიმოწერებს და ჩანაწერებს, შეეძლო, სულ მცირე მობაილბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია და სქრინის სახით წარმოედგინა სასამართლო სხდომაზე, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომ ეკონომიკური ძალადობავერ დადასტურდა“, – განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.