ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად ამოფრქვეულმა მატერიამ შესაძლოა, სინათლის სიჩქარის რეკორდი მოხსნა — #1tvმეცნიერება
ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახების შედეგად ამოფრქვეულმა მატერიამ შესაძლოა, სინათლის სიჩქარის რეკორდი მოხსნა — #1tvმეცნიერება

2017 წელს, როდესაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები ორი ნეიტრონული ვარსკვლავის ეპიკურ შეჯახებას უყურებდნენ, მთავარი მოვლენა მხოლოდ მაშინ იწყებოდა. ასეთი მასიური ობიექტების იქამდე ჯერ არნახული შეჯახების შემდეგი ეფექტები, როგორც მყისიერი, ისე გრძელვადიანი, უდავოდ ამაღელვებელი, საინტერესო და ძლიერ ინფორმაციული უნდა ყოფილიყო.

გარკვეული შედეგები მეცნიერებს უკვე აქვთ. ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახებისას ამოიფრქვა მატერიის ჭავლი, რომელიც როგორც ჩვენი თვალისთვის ჩანს, კოსმოსში სინათლის სიჩქარეზე შვიდჯერ სწრაფად მიქრის.

ფიზიკის ჩვენი ამჟამინდელი გაგების თანახმად, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ამ ფენომენს სუპერლუმინალურ სიჩქარეს უწოდებენ, რომელიც, სახელის მიუხედავად, სინამდვილეში ილუზიაა და ამის მიზეზი ჩვენი ხედვის კუთხეა.

თუმცა, მისი სიჩქარის შესწორების შემდეგაც კი, ჭავლი მაინც წარმოუდგენლად სწრაფი აღმოჩნდა.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ გატყორცნისას, ჭავლის სიჩქარე სულ მცირე სინათლის სიჩქარის 99,7 პროცენტს შეადგენდა“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ვებინ ლუ.

ჭავლის შესახებ მონაცემები ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შეაგროვა, რომელიც შერწყმის შემდეგ, 2017 წლის აგვისტოდან რვა დღის განმავლობაში და შემდეგ დაახლოებით 159 დღის განმავლობაში აწარმოებდა დაკვირვებებს.

მოვლენას სხვა ტელესკოპებიც აკვირდებოდნენ, მათ შორის, ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი „გაია“ და ეროვნული სამეცნიერო ფონდის რამდენიმე რადიოტელესკოპი. მათი მონაცემების საფუძველზე, მკვლევრებმა შეძლეს გაზომვების წარმოება, რომელსაც ძალიან გრძელი საბაზისო ინტერფერომეტრია (VLBI) ეწოდება.

ამ დაკვირვებებსა და თვეობით მიმდინარე ანალიზებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა ჯერ გამოავლინა და შემდეგ მიჰყვა ჭავლის მოძრაობებს, რომელიც ორი ულტრამკვრივი ვარსკვლავური ნარჩენის შეჯახებისას ამოიფრქვა. მკვლევართა ჯგუფს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომი კუნალ მული ხელმძღვანელობდა.

სუპერლუმინალური მოძრაობა მაშინ ხდება, როდესაც ჩვენკენ რაღაც საკმარისად მაღალი სიჩქარით მოემართება, ჩვენს ხედვის ხაზთან ძალიან ახლოს. ობიექტის მოახლოებასთან ერთად, მცირდება მანძილი, რომელიც მის სინათლეს ჩვენამდე მოსასვლელად სჭირდება; ასეთი რამის გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში სულაც არ არის საჭირო, რადგან სინათლის მოძრაობა ჩვენთვის აქ ისედაც მყისიერი ჩანს (ჩვენს ნელ მოძრაობებთან შედარებით).

თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ჭავლის შემთხვევაში, წარმოიქმნება ილუზია, რომ მისი სინათლე უფრო დიდ მანძილს ფარავს, ვიდრე სინამდვილეში (და შესაბამისად, მოძრაობს შეუძლებელი სიჩქარით).

შესაბამისად, ამ ჭავლის ნამდვილი სიჩქარის დასადგენად საჭიროა ზუსტი მონაცემები და ბევრი გამოთვლა.

ჰაბლის მონაცემებმა აჩვენა სინათლის სიჩქარეზე შვიდჯერ სწრაფი სუპერლუმინალური სიჩქარე. შერწყმიდან 75-230-ე დღეებს შორის აღებულმა VLBI მონაცემებმა კი აჩვენა, რომ ჭავლი შემდეგში შემცირდა სინათლის სიჩქარეზე ოთხჯერ სწრაფ სუპერლუმინალურ სიჩქარემდე.

„გაოცებული ვარ, რომ ჰაბლი ასეთ ზუსტ მონაცემებს გვაწვდის, რაც კონკურენციას უწევს მსოფლიოს მასშტაბით მიმოფანტულ უმძლავრეს VLBI რადიოტელესკოპებს“, — ამბობს მული.

შედეგი კიდევ უფრო ზღუდავს კუთხეს, რომლითაც ჩვენ ჭავლს ვუყურებთ და აძლიერებს კავშირს ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმასა და ხანმოკლე გამა-გამოსხივების ანთებებს შორის. კავშირი მოითხოვს რელატივისტურ ჭავლს, რომელიც სწორედ ის არის, რაც მულიმ და მისმა კოლეგებმა გაზომეს.

„ნაშრომში ვაჩვენეთ, რომ კოსმოსური ოპტიკური და ინფრაწითელი ტელესკოპების ზუსტი ასტრომეტრია შესანიშნავი საშუალებაა ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს ჭავლების მოძრაობის გასაზომად“, — წერენ მკვლევრები.

მისი განცხადებით, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ასტრონომიული დავალებები ჰაბლზე გაცილებით უკეთესად უნდა შეასრულოს. ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, ნეიტრონულ ვარსკვლავთა კიდევ ერთ შეჯახებას დაველოდოთ.

კვლევა Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.