„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დღეს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ (National Geographic) სპეციალური გამოცემის – Complete National Parks of Europe მთავარ რედაქტორს, ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში კავანა თუშეთის, კახეთის და ყაზბეგის რეგიონებს, თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ესტუმრება და ქვეყანაში არსებულ ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამთო კურორტები და მთაში მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღინიშნა, რომ ჯასტინ კავანა საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ, სპეციალური გამოცემაში საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას გამოაქვეყნებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯასტინ კავანამ განაცხადა, რომ მისი და მისი გუნდის ვიზიტის მიზანია, თუშეთში, ყაზბეგსა და სხვა სამთო რეგიონებში ეროვნული პარკების დათვალიერება და მათზე ვიზუალური მასალისა და პუბლიკაციების მომზადება. მისი თქმით, ინფორმაცია განთავსდება „ინსტაგრამზე“, აგრეთვე, დაიბეჭდება არაერთ ჟურნალსა და კატალოგში.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოში ყოფნით და მოხიბლული აქაური სტუმარ-მასპინძლობით“, – განაცხადა მან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ჯგუფი, რომელსაც ჯასტინ კავანა ხელმძღვანელობს, შეძლებს თავის პუბლიკაციებში გადმოცემული ინფორმაციით, გაუღვიძოს ინტერესი ტურისტებს, რომლებიც საკუთარ ტურებს ისეთი გამოცემების მიხედვით გეგმავენ, როგორიცაა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აღნიშნულ საგამომცემლო ჯგუფთან“, – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და და ტურიზმის ადმინისტრაციას აღნიშნული ტურის ორგანიზებისთის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს შესახებ მომზადებული პუბლიკაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. იმედი მაქვს ამით უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.