ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება, დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა
სრულიად იკრძალება მეტროთი და ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს.
პრემიერის თქმით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა.
„მგზავრობა დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“, – აღნიშნა გახარიამ.
საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის რვა საათიდან ამოქმედდება.